იტვირთება...

shape shape shape shape

რა არის TOEFL -ის, ან IELTS -ის ტესტები?

რა არის TOEFL -ის, ან IELTS -ის ტესტები?

მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტი, სადაც სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტში მიღებისთვის სავალდებულო სხვა დოკუმენტებთან ერთად, ითხოვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს.

არსებობს მრავალი საერთაშორისო ტესტები, რომლებიც აფასებენ ინგლისური ენის ცოდნის დონეს, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული ტესტებია TOEFL და IELTS. ამბობენ რომ IELTS უნდა ჩააბაროთ თუ ბრიტანეთში და ევროპაში გსურთ სწავლა და TOEFL თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში აპირებთ სწავლის გაგრძელებას, თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობისთვის ორივე მისაღებია და როდესაც იპოვით სასურველ პროგრამას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, მის მოთხოვნებში აუცილებლად იქნება მითითებული თითოეული ტესტის მისაღები ქულა.

თითოეული ტესტის სერთიფიკატს ვადა აქვს მხოლოდ 2 წელი, ამიტომ სასურველია ჯერ გადახედოთ სასურველ პროგრამებს, გაარკვიოთ რომელი სერთიფიკატი მოითხოვება და ტესტის რა ქულა გჭირდებათ კონკრეტულ პროგრამაზე ჩასაბარებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მომზადება TOEFL- ში, ან IELTS -ში.

გახსოვდეთ, სანამ დაიწყებთ TOEFL -ში, ან IELTS -ში მომზადებას, ინგლისურ ენას უნდა ფლობდეთ თავისუფლად. ინგლისური ენის ცოდნის დონე  სასურველია იყოს Upper Intermediate, ან მინიმუმ  Intermediate. თუ ინგლისურ ენას არ ფლობთ კარგად, ან არ გქონიათ შეხება რამდენიმე წლის განმავლობაში, გირჩევთ რამდენიმე თვე ზოგადი ინგლისურის კურსი გაიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვიდეთ TOEFL -ის, ან IELTS -ის კურსებზე, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ტყუილად დახარჯოთ დრო და ფინანსები.

TOEFL და IELTS -ის ტესტები ძირითადად ორიენტირებულია ენის ცოდნის 4 უნარ-ჩვევის გაუმჯობესებაზე: საუბარი, მოსმენა, წაკითხულის გააზრება და წერა. მათ ვინც თავისუფლად იციან ინგლისური, შეუძლიათ 2-3 თვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ ჩააბარონ ეს ტესტები, თუმცა რა თქმა უნდა  ეს ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება მეტი, ან ნაკლები დრო დაჭირდეს ამისთვის.

არსებობს მრავალი სასწავლო ცენტრი სადაც შეგიძლიათ გაიაროთ TOEFL -ის და IELTS -ის მოსამზადებელი კურსები, ხოლო საბოლოო საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება ხდება მხოლოდ იმ ორგანიზაციაში, სადაც ოფიციალურად აქვთ უფლება ჩაატარონ ეს გამოცდა.

თითოეულ გამოცდაზე გასვლა ფასიანია და უმჯობესია რამდენიმე თვით ადრე გაიაროთ რეგისტრაცია, რადგან ძირითადად გამოცდებზე ადგილები რამდენიმე კვირით ადრეა შევსებული. მაგალითად: თუ გსურთ გამოცდაზე გახვიდეთ 2-3 თვის შემდეგ, ჯობია ახლავე გაიაროთ რეგისტრაცია. ასევე გაითვალისწინეთ რომ გამოცდის ჩაბარების შემდეგ სერთიფიკატს მიიღებთ დაახლოებით 10-14 დღეში.

TOEFL და IELTS -ის ტესტები ძირითადად ორიენტირებულია ენის ცოდნის 4 უნარ-ჩვევის გაუმჯობესებაზე: საუბარი, მოსმენა, წაკითხულის გააზრება და წერა. მათ ვინც თავისუფლად იციან ინგლისური, შეუძლიათ 2-3 თვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ ჩააბარონ ეს ტესტები, თუმცა რა თქმა უნდა  ეს ინდივიდუალურია, ზოგს შეიძლება მეტი, ან ნაკლები დრო დაჭირდეს ამისთვის.

დღეს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი IELTS აღიარებულია მსოფლიოს 140 ქვეყნის 10000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ, რომელთა შორისაა უნივერსიტეტები, პროფესიული დაწესებულებები, იმიგრაციის სააგენტოები და სხვა სახელმწიფო უწყებები ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა.

IELTS-ის გამოცდის კურატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ლიდერები ცოდნის შეფასების სფეროში: Cambridge English Language Assessment, IDP: IELTS Australia და The British Council.

IELTS გამოცდის უპირატესობები:
1. უნივერსალურობა

– სერტიფიკატს ძალა აქვს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა

– გამოცდა შეიძლება ჩააბაროს ნებისმიერმა ადამიანმა. IELTS ტესტი ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის ნებისმიერ დონეს

–  ფორმატები ადაპტირებულია სხვადასხვა მიზანთან: ინგლისურ ენაზე ურთიერთობისთვის სამეცნიერო სფეროში (Academic Module) და ინგლისურ ენაზე ურთიერთობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში (General Module);

2. საიმედოობა

– IELTS ტესტი ცოდნის შესამოწმებლად შემუშავებულია ინგლისური ენის სწავლების მსოფლიო ლიდერების მიერ: Cambridge English Language Assessment, The British Council და IDP: IELTS Australia. ამასთანავე, აიელტსის სერტიფიკატი წარმოადგენს ერთიანი საერთაშორისო ფორმატის დოკუმენტს;

– ყოველწლიურად ინგლისური ენის IELTS გამოცდის მასალები მზადდება მსოფლიოს საუკთესო ფილოლოგებისა და ლინგვისტების მიერ;

– IELTS გამოცდა ფასდება 9-ქულიან შკალაზე, რომელიც ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნის ნებისმიერ დონეს. 0 – ნიშნავს ენის სრულ არცოდნას და 9 – აჩვენებს, რომ ენას ფლობთ უმაღლეს დონეზე. IELTS გამოცდის შედეგები სანდოა მსოფლიოს 140 ქვეყანაში, 9000-ზე მეტი დაწესებულებისთვის;

3. პრაქტიკულობა

– IELTS გამოცდა აკმაყოფილებს კანდიდატის რამდენიმე მიზანს ერთდროულად: IELTS სერტიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ასევე დასაქმებისა და იმიგრაციისთვის;

– IELTS სერტიფიკატი სარწმუნო დოკუმენტია უმაღლესი სასწავლებლებისთვის, დამსაქმებლებისთვის, საელჩოებისთვის ყველა ქვეყანაში, სადაც საჭიროა ინგლისურ ენაზე ურთიერთობა;

IELTS გამოცდა 4 კომპონენტისგან შედგება, ესენია: აუდირება, კითხვა, წერა, მეტყველება.
მთლიანობაში გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი.
როგორც წესი, IELTS-ის ოთხივე ნაწილი ერთ დღეს ბარდება.

რაც შეეხება TOEFEL-თან დაკავშირებულ დეტალებს, მსოფლიოში უკვე 30 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩაბარებული TOEFL-ის ტესტი. 130-ზე მეტ ქვეყანაში, 9000-ზე მეტი უნივერსიტეტი, სააგენტო და სხვა საგანმანათლებლო სასწავლებელი აღიარებს TOEFL -ის ტესტს, როგორც მისაღებ ტესტს მათი მომავალი სტუდენტების ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად.

TOEFL-ის გამოცდით ენის ცოდნის ოთხი უნარი მოწმდება: წერა, კითხვა მოსმენა და საუბარი. მაგალითად, კითხვის სექციაში თქვენ შეგხვდებათ ნაწყვეტი ტექსტიდან და ტექსტის ბოლოს კითხვები წაკითხულის გააზრების შესამოწმებლად. თქვენს მიერ დაწერილი თემა გამოყენებული იქნება თქვენი წერითი უნარის შესამოწმებლად. მოსმენილის სექცია თქვენგან მოითხოვს, რომ გაიგოთ საუბარი, და გასცეთ კითხვებს პასუხი. საუბრის უნარის დასადგენად, პასუხები უნდა გასცეთ თქვენთვის დასმულ კონკრეტულ შეკითხვებზე.

TOEFL -ის მოსამზადებელ კურსებზე სმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გარდა, მსმენელებს ასევე ასწავლიან ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის საჭირო ტექნიკას და სტრატეგიებს. კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გააკეთონ გამოცდის სიმულაციური ტესტები, რაც შემდეგში ეხმარება მათ გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში.

გამოცდის ხანგრძლივობა 4 – 4.30 საათია. გამოცდაზე გასვლის ერთჯერადი ღირებულება კი 165 დოლარია. მსურველები TOEFL-ის  გამოცდისთვის ოფიციალურ საიტზე რეგისტრირდებიან, ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით. ვებ-გვერდის მისამართია: https://www.ets.org/toefl

არსებობს TOEFL -ის ტესტის 2 ვარიანტი:

  • iBT (internet based test)
  • PBT (Paper Based Test)

TOEFL iBT -ის  გამოცდის ინტერნეტით ჩაბარების დროს, ქულის მაქსიმალური ოდენობა 120-ია და გამოცდა კომპიუტერთან დაახლოებით 4 საათი და 30 წუთი გრძელდება. თითოეული უნარი 30 ქულით ფასდება. ასევე შესაძლებელია TOEFL Paper Based Test -ის წერითი გამოცდის ჩაბარება, თუმცა ის ძირითადად ტარდება ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტი მიუწვდომელია.

რაც შეეხება მათ ვისაც სურთ TOEFL -ის გამოცდის ჩაბარება, პირველ რიგში ზოგად ინგლისურში უნდა მოემზადონ კარგად. ადამიანს უნდა შეეძლოს უცხო ტექსტის წაკითხვა და თარგმნა, თავისუფალი თემის დაწერა, დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და შეეძლოს მოსმენილის გააზრება. როცა მოსწავლე გადის TOEFL -ის კურსებს აქ უკვე ხდება ენის ცოდნის ამ ოთხი უნარ-ჩვევის გაუმჯობესება, და ასევე მიმდინარეობს მუშაობა გამოცდის წარმატებით ჩაბარების სტრატეგიებზე.

ხშირად TOEFL -ის გამოცდის ჩაბარების მსურველებს ჰგონიათ, რომ მოსამზადებელ კურსებზე ისინი შეისწავლიან ენას, თუმცა TOEFL -ის  გამოცდისთვის მომზადება ნიშნავს TOEFL-ის გამოცდის სტრატეგიებისთვის მომზადებას. რა თქმა უნდა, TOEFL -ის მოსამზადებელ კურსებზე, რაღაც დონეზე ხდება ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება: სიტყვათა მარაგის შევსება, სმენითი უნარების გაუმჯობესება, წერის ტექნიკის ათვისება, ტექსტის სწრაფად კითხვის უნარების გამომუშავება და სხვა უნარების განვითარება, მაგრამ მოსამზადებელი კურსი არ ნიშნავს იმას, რომ ემზადებით ენაში, თქვენ გამზადებენ ტესტის წარმატებით ჩაბარების და მაღალი ქულის აღების სტრატეგიებში.

გამოცდაზე გასვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ აქვს ინგლისური ენის შესაბამისი დონე, გამოცდაზე მიიღებს დაბალ ქულას და ეს არ იქნება საკმარისი მისთვის სასურველ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

ორივე გამოცდა თანაბარი სირთულისაა.თუმცა, გაითვალისწინეთ რომ TOEFL კომპიუტერთან ბარდება და წერით ნაწილს IELTS-გან განსხვავებით ბეჭდავთ. ამასთანავე გასაუბრება არა ცოცხალ ადამიანთან, არამედ კომპიუტერთან ხდება.

bg

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით